ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში აინიციირებს კანონპროექტს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტში ბრიფიგზე ისაუბრეს.
„ერთი თვის წინ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიციირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ კანონპრპექტს“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში“, – ამბობენ მოძრაობაში.
ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
„იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან“, – ამბობენ მოძრაობაში.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა, მათ ასევე თითქმის დაასრულეს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც „მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიციირებთ“.