ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

პუბლიკა

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

„ეს არაა მხოლოდ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე. მნიშვნელოვანი საქმეა მედიის თავისუფლების კუთხით. წახალისებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილი მედიაზე თავდასხმის კუთხით. საქმეზე უნდა გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.


გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.

პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.