ვაკის პარკის კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ გამარჯვებული კომპანია გამოვლინა

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „ელემსისთან“  ხელშეკრულება გააფორმა.

„ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციას წარმოადგენას. ის ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო პროექტები”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის დროს პარკის თავდაპირველი სახე უცვლელად იქნეს შენარჩუნებული. კახა კალაძე აცხადებს, რომ განიხილავენ გზებს, როგორ მომარაგდეს რეაბილიტირებული შადრევნები წყლით.

„პროექტის ფარგლებში კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის ალტერნატივა იქნება განხილული და ასევე ვერეს ხეობიდან წყლის ამოღება, რომ კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება – ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. შესწავლა მიმდინარეობს და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას”, – ამბობს თბილისის მერი.

კალაძე ხაზს უსვამს, რომ ვაკის პარკში არსებული კასკადი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული კონსტრუქციისაა, რომელიც წლებია არ მუშაობს, მოუვლელობის გამო.

ვაკის პარკსა და ამ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. კალაძე ამბობს, რომ ამის გამო ყველა დეტალზე დიდი მუშაობაა საჭირო, რათა პარკმა პირვანდელი სახე შეინარჩუნოს და ზაფხულის ბოლომდე ეს პროექტი დასრულებული უნდა იყოს.

თბილისის მერია უშუალოდ პარკის რეაბილიტაციის პროექტზეც მუშაობს.

მერმა აღნიშნა, რომ ბრიტანული კომპანია „სიბიეი სტუდიოს“ მიერ გამზადებული პროექტი მერიას უკვე ჩაბარებული აქვს.

„ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა, ულამაზესი სივრცე იქნება, როდესაც რეაბილიტაცია ნხორციელედება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, იყო შენიშვნები, რომელიც იქნა გათვალისწინებული.

დაწყებული გვაქვს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ვაკის პარკისა და იქ არსებული კასკადის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტი და ქალაქის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება.

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარის, ხოლო კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.