რას გეგმავს დედაქალაქის მთავრობა ვაკის პარკში

პუბლიკა

თბილისის მერიამ დედაქალაქში 2020 წელს დაგეგმილი მსხვილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პარკის რეაბილიტაცია წელს დაიწყება, მისი დასრულება კი 2021 წელს იგეგმება.

ბითაძის თქმით, პარკის რეაბილიტაცია 2 მიმართულებას მოიცავს:

„ვაკის პარკის აღდგენა დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ვაკის პარკის არა მხოლოდ ცნობილ ნაწილზე შესრულდება აღდგენითი სამუშაოები, არამედ პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს“, – განაცხადა ბითაძემ.

პრეზენტაციის მიხედვით, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020-2021 წელს იგემება და 10 000 000 ლარია გათვალისწინებული.

„ვფიქრობთ, ჩვენ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა, ნებისმიერი ადამიანისთვის და გვექნება შესაძლებლობა, პრაქტიკულად ხელუხლებელი ტყისადმი წვდომის, რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებს“, – ამბობს ბითაძე.

მისი თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები, რომელთაც მწვანე ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვთ.

ვაკის პარკის კასკადი

მაია ბითაძის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაკის პარკის კასკადი.

„კასკადი, რომელიც საამაყოა ევროპის კონტინენტზე, დღეს გამორთულია და მთლიანად ამორტიზებული. ძალიან მალე დაიწყება სატენდერო  პროცედურები, აღნიშნული კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. სიახლე, რასაც ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ კასკადის ამოქმედებასთან დაკავშირებით, არის ის, რომ შეკეთდება და აღდგება იმ სახით, როგორიც 80-იან წლებში გვახსოვს – ვაკის პარკის შუა ნაწილამდე. ასევე მოეწყობა წყლის სპეციალური რეზერვუარი“, –აცხადებს ბითაძე.

პრეზენტაციის მიხედვით, ვაკის პარკის ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 20 000 000 ლარია გათვალისწინებული.