ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ცხრავე დაკავებულის პატიმრობას, ხოლო ადვოკატები  ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულები 18 ოქტომბერს დააკავეს.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ. მისი ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. კლინიკაში მოხვდა კიდევ 2 ბავშვი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის საქმეზე შსს-მ ცხრა პირი დააკავა. მათ შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დაკავებული 9 პირის დანაშაული გამოიკვეთა შემდეგში:

ეპიზოდი I – „შადრევნის საქმე“

აღნიშნულ ეპიზოდში ფიგურირებს თბილისის მერიის თანამშრომელი გიორგი ვახტანგიშვილი, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე, ამავე კომპანიის მენეჯერი და სამუშაოთა მწარმოებელი, „გრინსერვის პლუსის“ ქვეკონტრაქტორი „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

26 აგვისტოს მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი ჩაიბარა. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, ამ სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ვახტანგიშვილმა სამუშაოების მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიის „გრინსერვის პლუსის“ მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

კომპანიის მენეჯერმა ამის შესახებ აცნობა დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც მას დაავალა, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის.

ამ ფირმის წარმომადგენელმა კი თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა 2 კერძო ელექტროშემდუღებელს. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი კი „გრინსერვის პლუსის“ სამუშაოთა მწარმოებელს დაევალა.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, გიორგი ვახტანგიშვილმა კი აღნიშნული შესაბამისი ინსპექტირების გარეშე მიიღო.

უწყება აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, არც ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული კერძო ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო და არც „გრინსერვის პლუსის“ საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

„ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და შესაძლებელი გახდებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება“, – აცხადებს შსს.

ეპიზოდი II – „დასკვნის გაყალბების საქმე“

მეორე ეპიზოდში3 ახალი პირი ფიგურირებს. ესენი არიან ,,გრინსერვის პლუსის“ თანამშრომელი დევი კახოიძე, ასევე სავალდებულო დასკვნის მომზადებისთვის დაქირავებული კომპანია „მშენექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი და ინსპექტორი დათო თუშიშვილი.

როგორც შსს-ს ბრიფინგიდან ირკვევა, „შადრევნის საქმეზე“ მუშაობისას გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიების მიერ ინსპექტირების ანგარიშიც გაყალბებული იყო. ქრონოლოგიურად ეს ეპიზოდი წინ უსწრებდა ე.წ. შადრევნის საქმეს.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, „გრინსერვის პლუსმა“ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა,,მშენექსპერტთან“.

„მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის პლუსის“ სხვა თანამშრომელს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის პლუსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და მერია არ ჩაიბარებდა „გრინსერვის პლუსის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომელმა დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ ორმა წარმომადგენელმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარუდგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, რაც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა.

LB loan image desktop LB loan image mobile