ვაკის პარკის საქმეზე მერიის ყოფილ თანამშრომელს საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

პუბლიკა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლითაა მსჯავრდებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ipn მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

გიორგი ვახტანგაშვილს მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაედო და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მის მიმართ სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილა. აღნიშნული დაკმაყოფილდა, ვინაიდან ის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაა გასამართლებული, კანონით, 1/3-ის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის შინა პატიმრობითა და ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა.

3 წელი ჰქონდა მისჯილი, წელიწადი და 3 თვე მოიხადა, დანარჩენს სახლში მოიხდის“, – განაცხადა ადვოკატმა.


2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.