ვაკის პარკის საქმეზე შსს-მ ცხრა პირი დააკავა

პუბლიკა

ვაკის პარკის საქმეზე შსს-მ ცხრა პირი დააკავა, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. გთავაზობთ განცხადებას:

დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი;

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დაკავებული 9 პირის დანაშაული გამოიკვეთა შემდეგში:

ეპიზოდი I – „შადრევნის საქმე“

აღნიშნულ ეპიზოდში ფიგურირებს თბილისის მერიის თანამშრომელი გიორგი ვახტანგიშვილი, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე, ამავე კომპანიის მენეჯერი და სამუშაოთა მწარმოებელი, „გრინსერვის პლუსის“ ქვეკონტრაქტორი „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

26 აგვისტოს მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, ამ სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ვახტანგიშვილმა სამუშაოების მწარმოებელ კონტრაქტორი კომპანიის „გრინსერვის +“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

კომპანიის მენეჯერმა ამის შესახებ აცნობა დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც მას დაავალა, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის.

ამ ფირმის წარმომადგენელმა კი თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა 2 კერძო ელექტროშემდუღებლებს. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი კი „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს დაევალა.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

ლაშა ფურცხვანიძემ კი შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო გიორგი ვახტანგიშვილი კი აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

უწყება აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, არც ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული კერძო ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, არც „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

„ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი“, – აცხადებს შსს.

ეპიზოდი II – „დასკვნის გაყალბების საქმე“

მეორე ეპიზოდში 3 ახალი პირი ფიგურირებს. ესენი არიან ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელი დევი კახოიძე, ასევე სავალდებულო დასკვნის მომზადებისთვის დაქირავებული კომპანია „მშენექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი და ინსპექტორი დათო თუშიშვილი.  

როგორც შსს-ს ბრიფინგიდან ირკვევა, „შადრევნის საქმეზე“ მუშაობისას გამოძიებით აღმოჩნდა, რომ კომპანიების მიერ ინსპექტირების ანგარიშიც გაყალბებული იყო. ქრონოლოგიურად ეს ეპიზოდი წინ უსწრებდა ე.წ. შადრევნის საქმეს.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, „გრინსერვის +“-მა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა ,,მშენექსპერტთან“.

„მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის +“-ის სხვა თანამშრომელს.

ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და მერია არ ჩაიბარებდა „გრინსერვის +“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელმა დაიყოლია ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.

25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ ორმა წარმომადგენელმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. კლინიკაში მოხვდა კიდევ 2 ბავშვი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.