ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე თავისუფალია. ინფორმაცია TV პირველმა გაავრცელა.
„გრინსერვის +“-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს 2023 წლის 10 ივლისს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
როგორც TV პირველს ლაშა ფურცხვანიძე ეუბნება, ის უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
„გუშინ [დავტოვე საპატიმრო] დიახ, [სამაჯურით გამომიშვეს]. უდოს კომისიის გადაწყვეტილება იყო.
იმ კომპანიაში არ დავბრუნდები. ჯერჯერობით, ოჯახთან ვარ და ამას ვაპირებ… მომავალი გვაჩვენებს.
უდოს კომისიას მივმართე, თავისთავად“, – უთხრა მან TV პირველს.
2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის+“ ასრულებდა, რომლის დირექტორიც ლაშა ფურცხვანიძე იყო.
ფურცხვანიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი რამდენიმე მუხლში, მათ შორის:
უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია;
გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ფურცხვანიძის გარდა ამ საქმეზე მსჯავრდებულია კიდევ 7 პირი.