ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს

პუბლიკა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული მესამე მოზარდი სახლში გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს დილიდან შეფასდა ლაზარეს ფსიქომოტორული სფერო, ემოციური სფერო, ჩაითვალა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე, მკურნალობის ამბულატორიულად გაგრძელების მიზნით. დასჭირდება კონსულტაციების დონეზე ფსიქილოგის, შეიძლება, ნევროლოგის ჩარევა. მკურნალობის მხრივ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ჯანმრთელია ბავშვი“, – განაცხადა ციბაძემ.


ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა.

შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.