ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პუბლიკა

ვაკის პარკში უკრაინის დროშის დემონსტრაციულად ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  „პუბლიკას“ უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.

დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმება, განმეორების შემთხვევაში – 2 000 ლარი ან 15 დღემდე ვადით პატიმრობა.

კაცი, რომელმაც ვაკის პარკში, უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და შემდეგ დახია, ვასილ გოგალაძეა. დროშის ჩამოხევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით წაშალა და მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.

მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგალაძე პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს“ წევრი იყო, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან უარყო. მორგოშია ამბობს, რომ გოგალაძეს პირადად იცნობს, თუმცა პარტიის წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

„მანახეს სურათი პიროვნების, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, ჩვენთან მაგ ფაქტს არაფერი კავშირი არ აქვს. არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პიროვნება, რომელზეც მეკითხებით ჩვენი პარტიის წევრი არ არის. ცნობით მეცნობა, არ ვუარობ ფაქტს, რომ ვიცნობ პირადად, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არ არის“, – განუცხადა კოკა მორგოშიამ ჟურნალისტს.

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.

„აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, ვასილ გოგალაძე 2018 წელს ვაკის პარკში, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოექსის 166-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უმრავლესობიდან ამ საკითხს ჯერ მხოლოდ გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. ჟურნალისტმა „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს სთხოვა, შეეფასებინა უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტი, რაზეც დეპუტატმა განაცხადა: „კარგი, რა! იმდენი საკითხებია“.