ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს, ვედანტ პატელს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე შეკითხვა დაუსვეს.
მან თქვა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და საჭიროების შემთხვევაში გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს. პატელმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო დისტანცირებულია რუსეთისგან, მოსკოვთან დაახლოების დრო არ არის.
„თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შედგება, ეს მზარდი შეშფოთების საგანი იქნება არამხოლოდ აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით შეშფოთება ამაზე და კიდევ ვიმეორებთ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯები რუსული თვითმფრინავების ჩვენს ავიასივრცეში არდაშვებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მოიქცა ბევრი დასავლური ქვეყანა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, თუ ეს საჭირო გახდა”, – თქვა პატელმა.
15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, თუმცა ის სანქცირებულია უკრაინის მიერ. კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.