„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების პროტესტს. განცხადება მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

გუშინ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსეთის მოქალაქეების საკრუიზო გემით ბათუმში შემოსვლა.

„აფხაზეთი საქართველოა”, „რუსეთი გვართმევს სამშობლოს”, „რუსეთი ოკუპანტია” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები საკრუიზო გემთან, რომელმაც ბათუმში რუსეთი მოქალაქეები შემოიყვანა.