ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, მათ შორის თავის ცოლს, 10 000 ლარი აჩუქა

პუბლიკა

ოზურგეთში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებაზე ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა თავისი ცოლი ნანა გოთუა და 9 მოქალაქე 10 ათასი ლარით დაასაჩუქრა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ალეგრობის“ დღესასწაული გაიმართა, სადაც საპატიო მოქალაქის სტატუსი ათ მოქალაქეს მიანიჭეს.

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე წერს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა, საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000-10 000 ლარი გადასცა.

„მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა“, – წერს თალაკვაძე.

ვანო ჩხარტიშვილის ცოლს, ნანა გოთუას საპატიო მოქალაქის წოდება ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის მიენიჭა.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აზიარებს თავად ნანა გოთუაც. Facebook-ზე მითითებული ინფორმაციით, გოთუა ფონდ „ქართული გალობის“ აღმასრულებელი დირექტორია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile