ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს – მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს… ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული, იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენ სამართალდამცველებს, გვიპირისპირდება ჩვენი თავის სამი მთავარი მტერი: მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.
ჩვენ ამ ერთ დღეს ან დაგვამარცხებენ, ივანიშვილი დაგვამარცხებს ამ სამი ინსტრუმენტით: მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალით დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს; ან ჩვენ ყველანი ერთად დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
მისი გათავისუფლების შემდეგ გაჩნდა კითხვები მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ვანო მერაბიშვილი ოფიციალურად ამ დრომდე არც ერთი პარტიის წევრი არ არის.
„ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ მერაბიშვილი მათი პარტიის წევრი არ იქნებოდა.
მოგვიანებით თავად მერაბიშვილმა სოციალური ქსელში განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში და არც ახალ მთავრობაში დაიკავებს რომელიმე თანამდებობას, ასევე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ის ძალაა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეუძლია.
ამ განცხადების შემდეგ „ფეისბუქში“ ჩნდებოდა ფოტოსურათები, რომლებზეც მერაბიშვილი ენმ-ს წევრებსა და მათ მიერ მხარდაჭერილი მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად იყო ასახული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ თავის თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი.