შსს-ს ცნობით, დააკავეს ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვანში არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება შსს-მ გამოძიება 1 მაისს დაიწყო.
10 მაისს ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ შუამთის სკოლის დირექტორმა, „რომლის მეუღლეც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში ფიგურირებს“, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.
6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოცემა „ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა.