დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. აირჩიეს საკრებულოების მაჟორიტარები.
არჩევნებში მონაწილეობდა 2 პოლიტიკური პარტიის: „ქართული ოცნების“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51,6% შეადგინა.
ცესკოს მონაცემებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.
ახმეტაში „ოცნების“ კანდიდატ ლევან ითიურიძეს კონკურენტი არ ჰყოლია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. მან 115 ხმა მიიღო.
დმანისში „ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი სასრევანიძემ მიიღო ხმების 98.49% – 113 ხმა; „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატმა – 1.5% (2 ხმა).
წალკაში „ოცნების“ კანდიდატმა ნანული ხინაკაძემ მიიღო ხმების 96.7% (386 ხმა), „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა შანთაძემ 3.25% (13 ხმა);
ვანში „ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა ხელაძემ მიიღო ხმების 87.1% (387 ხმა), „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატმა ბექა კოპალაძემ 12.83% (57 ხმა).
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა.