ვაქცინაციაზე შესაძლო დამაბნეველი ან საპირისპირო ხასიათის კომუნიკაცია გაუმართლებელია - გაბუნია

პუბლიკა

„ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც შესაძლებელია იყოს დამაბნეველი ან საპირისპირო ხასიათის, ბუნებრივია, არაფრით არ არის გამართლებული საერთო ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე“,  – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს. მას ჟურნალისტებმა ვაქცინაციის პროცესისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს.

შეკითხვებზე – „ასევე აზარალებს თუ არა ვაქცინაციის პროცესებს განცხადება, რომ „ვაქცინა ომიკრონზე არ მოქმედებს“? – თქვენი აზრით, მოქმედებს თუ არა? თან პრემიერმა გაამყარა ეს პირადი მაგალითით – მეც შემეყარაო. ეს რამდენად წაახალისებს კიდევ ერთხელ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შემდეგ ვაქცინაციის პროცესს? შეგახსენებთ, რომ ვაქცინებს ვადა გასდის, როდის ჩამოვა ახალი და როგორ აპირებთ, რომ აითვისოთ? – გაბუნია პასუხობს:

„ვაქცინაციის პროგრამა რჩება მთავარი იარაღი. ვაქცინების გამოყენება კვლავაც იქნება პირველი ინსტრუმენტი პანდემიის მართვაში. ვაქცინების ათვისება ბოლო პერიოდში არის დაბალი. ომიკრონის მიმდინარეობის პირობებში ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ აცრილიყვნენ, ეს გადავადდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ომიკრონის ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში. რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით კიდევ ერთხელ დადასტურდა ომიკრონის ტალღის მიმდინარეობისას.

რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე, ეს ასევე აღმოჩნდა, რომ შედარებით სუსტია ომიკრონის პირობებში, მაგრამ ბუსტერდოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები სამომავლოდ არის ისევ ძალაში, რომ ბუსტერდოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიასა და ანტივაქსერული მოძრაობის დაპირისპირებას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი, რომელსაც გაატარებს მედია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, იყოს ერთიანი და პოზიტიურ მესიჯებზე აწყობილი. მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რაღაცას ვადა გაუვიდა, რაღაც გაფუჭდა, ეს არანაირად არაა მომგებიანი ვაქცინაციის კამპანიისთვის. მთავარია, მესიჯები იყოს აწყობილი იმ სიკეთეზე და სარგებელზე, რომელიც ვაქცინას მოაქვს.

რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხებს, ამაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ და მოქალაქემდე აუცილებლად ის ვაქცინა მივა, რომელიც არის მაღალი ხარისხის და დადასტურებული ეფექტურობის. ამდენად, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც შესაძლებელია იყოს დამაბნეველი ან საპირისპირო ხასიათის, ბუნებრივია, არაფრით არ არის გამართლებული საერთო ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე“, – აღნიშნავს გაბუნია.