ვაქცინების შექმნის პროცესში ძირითად კითვებზე პასუხი გაცემულია - მაია ბუწაშვილი

პუბლიკა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ქართული მხარის მხრიდან კორონავირუსის ვაქცინაზე განაცხადი დადებითად შეაფასა. მისი პროგნოზით, ვაქცინის მარაგის შექმნაზე ქვეყნებს შორის დიდი კონკურენცია იქნება, ამიტომ მისი რაოდენობა საკმარისთან ახლოსაც ვერ მივა. მაია ბუწაშვილმა ყურადღება რუსულ ვაქცინაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში არ უნდა შემოიტანონ.

„იმიტომ, რომ ყველა მედიკამენტის თუ ვაქცინის გამოცდის პროცესი ძალიან გამჭვირვალედ ქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში, შეგვიძლია თვალ-ყური ვადევნოთ, კვლევის რა დიზაინით მოხდა გამოცდა, რამდენი საკვლევი პირის ჩართვა მოხდა, გვერდითი მოვლენები როგორი იყო და ა.შ., ამ ვაქცინასთან დალავშირებით კი არავითარი ასეთი სამეცნიერო ინფორმაცია არ ქვეყნდება და საერთოდ ეჭვს ბადებს, გაიარა თუ არა ზოგადად… რუსეთში ზოგადად პრობლემაა გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც მედიკამენტებისა და ვაქცინების გამოცდას სწორად და ყველა წესის დაცვით გააკეთებდნენ. ჯერ ჩვენ ეს ინფორმაცია ხელთ არ გვაქვს. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვაქცინას სრული წესების დაცვით არ გაუვლია და, შესაბამისად, ამ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანაზე ზედმეტია ლაპარაკი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა რუსულ ვაქცინაზე.

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისში გახდება.

„საბედნიეროდ, რაიმე ისეთი ბარიერი არ შექმნილა, რომ ეს ვადები გადაწეულიყო, ჯერჯერობით ის ვაქცინები, რომლებიც ახლა ლიდერ პოზიციაზე არიან, ანუ მესამე ფაზაში გადავიდნენ, ისევ ასე წარმატებით გადიან ამ გამოცდას და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაივლიან ბოლომდე. ფაქტობრივად ძირითად კითხვებზე პასუხი გაცემულია, დარჩენილია რაღაც საკვანძო კითხვები და ერთ-ერთი მთავარი ასეთ შეკითხვაა ხანგრძლივი გვერდით ეფექტები, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ხომ არ აქვს რაიმე გამოვლინებები? და მეორე – რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი?“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში. მისი თქმით, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ისთვის, 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა.