ვარკეთილში მაჰათმა განდის ძეგლს მოპარეს სათვალე - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანდალიზმის პრობლემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვარკეთილში 10 ივლისს გახსნილ მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. მისი თქმით, „არის სხვა ფაქტებიც“.

„10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია, მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„მინდა, ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის. ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს – იმ პროექტებსა და სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება იმისთვის, რომ შემდეგ სწორად და კარგად გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადების ბეჭდურ ვერსიას მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ავრცელებს.