ვარშავაში, EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს

პუბლიკა

გუშინ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. მისი თქმით, ყველა სხვა EU-ის კანდიდატი ქვეყანა მიწვეულია.

„საინტერესოა, რომ საქართველო ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოზე არ მიიწვიეს. ყველა სხვა EU-ის კანდიდატი ქვეყანა მიწვეულია”, – თქვა მან.

დღეს „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე ჰკითხეს, რატომ არ იყო საქართველო მიწვეული ამ შეხვედრაზე, რაზეც კობახიძემ კვლავ Deep State დაადანაშაულა, თავს დაესხა ევროპელ პოლიტიკოსებს და თქვა, რომ ისინი ასრულებენ „დავალებას”.

„თქვენ იცით, რა არის საერთო სურათი მას შემდეგ, რაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე.. ეს უსამართლობა გრძელდება, ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით…

[…] თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში, მიდგომა შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით Deep State-სგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ, დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ძალიან სამწუხარო. რა იზოლაციაზეა საუბარია, ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას?!…

უსამართლობაზე როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებელი, ხომ ხედავთ, რომ არის სრული, ტოტალური უსამართლობა”, – თქვა კობახიძემ.