ვაშაძე კობახიძეზე: ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, ის თავს ესხმის პარტიების ერთიანობას.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ კობახიძე ერთ-ერთი მთავარი საფრთხის შემცველი ფიგურაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„გუშინ, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა პარტიების ერთიანობის იდეას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საერთო ოპოზიციური ფრონტით წინააღმდეგობის მოძრაობაშია.

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში, ჩვენ გვახსოვს მისი თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე და ევროპარლამენტარებზე, რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, სწორედ ის იყო და არის ერთ-ერთი მთავრი საფრთხის შემცველი ფიგურა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებს და მომავალს.  დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არცერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე.

სინამდვილეში მასზე კარგად არავინ იცის, რომ რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არა, ოლიგარქის ერთი რიგითი ხელის ბიჭია.

შესაბამისად, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ პრორუსი მარიონეტების მმართველობას, ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, იყოს უსაფრთხო და მოქალაქეებმა იცხოვრონ ევროპული, ღირსეული ცხოვრების პირობებით, აუცილებელია ერთიანობა და ოპოზიციური საერთო ფრონტი.

ყველა, ვინც ამ საერთო ბრძოლის იდეას ეწინააღმდეგება, ნებსით თუ უნებლიეთ ახანგრძლივებს ოლიგარქიულ მმართველობას.

საქართველოსა და ივანიშვილს შორის, ევროპასა და რუსეთს შორის ხელისუფლებამ არჩევანი უკვე გააკეთა ივანიშვილისა და რუსეთის სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე, საერთოდ გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის თანამშრომლობის შესახებ.

კობახიძე აცხადებს, რომ ისინი ნულოვანი რეიტინგის სუბიექტები არიან და მათი გადაჯგუფება პოლიტიკურ სპექტრზე გავლენას ვერ იქონიებს.