ვაშაძე სააკაშვილის საქმეში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ რეალისტური და ობიექტური იქნება, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა.

ამისათვის, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას სთავაზობს უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება.

„სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში, რომელიც ოპოზიციას აქვს, უცხოელი მოსამართლეების საკითხიც გვაქვს მოხსენიებული. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისთვის, რომ სანამ არ ექნება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული ეს მექანიზმი, არა მარტო პრეზიდენტების, სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აქტუალურ საქმეებთან და ბიზნესდავებთან მიმართებაშიც.

საქართველოში, სამწუხაროდ, მართლმსაჯულება „კლანურია“, მას ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მოიტანს სტაბილურობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთი დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ არ ვიყოთ მოჯადოებულ წრეში ჩაკეტილი”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.