ვაშაძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პარლამენტს ალყა შემოარტყან და მშვიდობიანი პიკეტი დაიწყონ

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, ფართომასშტაბიან აქციაზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ცოცხალ ჯაჭვს შემოარტყამენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აქციის მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებისთვის მიცემული დრო გავიდა.

დაახლოებით ერთი საათის წინ ვაშაძემ გამოაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაიწვიონ რუსული კანონპროექტები და გათავისუფლდნენ 7 მარტს აქციაზე დაკავებულები.

მოთხოვნის შესასრულებლად მიცემული ვადის შემდეგ ვაშაძემ აქციაზე განაცხადა:

„ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას: მშვიდობიანად და წყნარად და ეს გადაწყვეტილება არის ყველასი – საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, ორგანიზაციების, რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებაზე ხელის აწევით დავადასტუროთ, თუ ეთანხმებით, ეს ნაბიჯი გადავდგათ.

ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებ პოლიციას, შინაგან თუ სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე, როგორ საზიზღრადაც ეს გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან დავიძრათ და უკან შესასვლელთან, გვერდით შესასვლელებთან განვლაგდეთ.

ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. მოგვიწევს ყველას ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის გვერდით ქუჩებზე გადაადგილება დაიწყო.