ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე გზავნილი, შეშფოთებისა საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო - კარა მაკდონალდი

პუბლიკა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ჩამოიტანა გზავნილი, რომელიც ეხება შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო.

„დღეს შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.

ასევე შეხვედრები მქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბევრ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან, რათა დავინახო უფრო ფართო სურათი იმ გამოწვევებისა, რაც არსებობს ქვეყანაში და სამომავლო საქმიანობისა, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

ჩვენ განვიხილეთ საკითხები, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და რაც მთავარია, რა უნდა გაკეთდეს იმის მხარდასაჭერად, რომ მიღწეულ იქნას ქართველი ხალხის მიზანი, არჩევანი, რაც გულისხმობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ასევე ჩამოვიტანე გზავნილი ვაშინგტონიდან, ასე ვთქვათ, შეშფოთებისა საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის კუთხით.

მოგეხსენებათ, ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ მოვლენებს, რაც კარგად იცით, გახლავთ პუტინის მიერ პროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინაში. ეს არის ის, რაც ასევე საქართველოს აქვს გამოცდილი. ამავდროულად ჩემი ვიზიტი ემთხვევა უნიკალურ შესაძლებლობას, რაც საქართველოს დღესდღეობით აქვს. ჩემი მესიჯი მკაფიოა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. გაერთიანდით, რათა მიაღწიოთ იმას, რაც სურს ქართველ ხალხს.

ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი და პარტნიორი გყავთ. ვახსენე კიდეც, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე სახალხო დამცველს და ისინი, ყველანი ამ ძალისხმევაში პარტნიორები არიან“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა. (საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).