ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში „ვაგნერმა“ 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა

პუბლიკა

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ვაგნერის“ დაჯგუფებამ 30 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაკარგა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

კირბის თქმით, დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში განიცადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში „ვაგნერის“ 9 000-მდე მებრძოლი დაიღუპა.

„ვაგნერი“ ბრძოლისთვის რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეძებს დაქირავებულებს, ამასთან დაჯგუფებამ ომში ჩართო ბევრი მსჯავრდებული, რომელთაც სასჯელის შემსუბუქებას დაჰპირდნენ. კირბის თქმით, დაღუპულთა შორის, ბევრი ასეთი ნაკლებად გაწვრთნილი მებრძოლია.

ბოლო პერიოდში „ვაგნერი“ აქტიურად იყო ჩართული ბახმუტის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთმა დონეცკის ოლქში ახალ ტაქტიკას მიმართა, სამხედროები მცირე ჯგუფებად ფაქტობრივად საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე ცდილობენ პოზიციების დაკავებას. რასაც შემტევ დაჯგუფებებში დიდი მსხვერპლი მოჰყვება.

დიდი დანაკარგების მიუხედავად რუსეთმა ბახმუტის დაკავება ვერ შეძლო. თუმცა კირბის თქმით, ქალაქის დაკავების შემთხვევაშიც, რუსეთი მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ მოიპოვებს, რადგან ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.