ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, აღდგება საავტომობილო გზა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ გზაზე, მაჭავარიანის ქუჩაძე, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. კალაძის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულდება და მაჭავარიანის ქუჩაზე შესაძლებელი გახდება საავტომობილო გზის აღდგენა ორმხრივ რეჟიმში.

„ვაშლიჯვრის ფერდთან იცით, რომ მეწყერსაშიში ფერდი იყო მაჭავარიანის ქუჩაზე, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე, 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად მიღწეული იქნება მეწყრის დროებითი სტაბილურობა, ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში ფერდის გამაგრება, ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება.

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩის საავტომობილო გზის აღდგენა ორმხრივ რეჟიმში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოება ყველანაირად იქნება დაცული და ადამიანებს ყველანაირად ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა“, – განაცხადა კალაძემ.