ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00-საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს, რომ დღეიდან 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.

ტელეწამყვანი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად სახელდება „მოამბის“ პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.

როგორც ტელეწამყვანი წერს, არხის ოპიციალური პოზიციით  „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება  საინფორმაციო გამოშვება „მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.“

„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს  შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის  მიზნით,  გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“,- წერს ჩიქოვანი.

მაია ჭუჭულაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი ამბობს, რომ უარი თქვა ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია. ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა.

„ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – თქვა ჩიქოვანმა 30 იანვარს.

ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.

„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. ეს ძალიან მარტივი თემაა რა, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცეს ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს. ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს, ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – თქვა მან დღევანდელ სხდომაზე.