ვაზისუბანში მცირეწლოვანი ბავშვებით ოჯახის იძულებით გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისში, ვაზისუბანში ეკატერინე მირცხულავას ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ეკატერინე მირცხულავა ამბობს, მას ორი მცირეწლოვანი ბავშვით სახლიდან ასახლებენ.

„მიკროსაფინანსო „კაპიტალ ექსპრესში“ გავაკეთე იპოთეკური სესხი. ერთი თვე გადავიხადე, მერე მეუღლეს დაემართა შაქრიანი დიაბეტი და ვეღარ შევძელი“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ სახლი აუქციონზე გაიყიდა და მისმა მფლობელებმა 22 000 გადაიხადეს.

„მე ვთავაზობ, მომცენ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი ან გაყიდვის უფლება, რომ ან გავყიდი ან დავუბრუნებ თანხას… მეუბნებიან, დავტოვო ბინა, იმიტომ, რომ ჩემს საკუთრებაში ხართო“, – ამბობს ის.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მათი თქმით, აღსრულების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს. საქმე ბიუროში 2020 წელს შემოვიდა და მესამე წელია, ოჯახთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია. მათივე თქმით, ბიურომ ორჯერ გადადო აღსრულების პროცესი, რათა ოჯახს ჰქონოდა დრო მოლაპარაკებისთვის ან ალტერნატიული ფართის საპოვნელად, ერთხელ კი სასამართლომ შეაჩერა ის. აღსრულების ბიუროში გვითხრეს, რომ ნახევარი წლის წინ თავად მოვალემ ითხოვა დრო ალტერნატიული ფართის მოსაძებნად, დღეს კი უკვე გამოსახლების აღსრულების პროცესი მიმდინარეობს.