ვეძებთ მოზარდს, რომელსაც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა - სურსათის ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს მოზარდს, რომელსაც სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

„კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია“, – აცხადებს სააგენტო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს განცხადებით, მათ შემთხვევის შესახებ აცნობეს ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.