ვეხმარებით საქართველოს, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკურ რეაბილიტაციაში დაეხმარება. ამჟამად USAID/Georgia საქართველოს მთავრობას რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში ეხმარება.

„მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“, – წერს აშშ-ის საელჩო.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. 13 აპრილს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის 2000 კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა.