ველი პატივისცემას ევროპარლამენტარების მიმართ - კალიურანდი „ოცნების“ მხრიდან კრიტიკაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის თქმით, მართალია, ის არ ეთანხმება სხვა ევროპარლამენტარების ყველა პოზიციას, მაგრამ ასევე არ ეთანხმება მათკენ მიმართულ კომენტარებს. კალიურანდის თქმით, მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, არასწორად მიაჩნია განცხადებები, რომლებიც საქართველოში ევროპარლამენტარების წინააღმდეგ კეთდება.

ასე პასუხობს ევროპარლამენტარი „ინტერპრესნიუსის“ კითხვას მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ევროპარლამენტარების კრიტიკაზე, რომ „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები“.

„კონკრეტულ ციტატებზე განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ციტატებს, რომელთა სამიზნეები არიან ევროპარლამენტის სხვა წევრები, მე არ ვეთანხმები.

ასევე, არ ვეთანხმები ყველა პოზიციას, რომელსაც გამოხატავენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში – ჩვენ მოვდივართ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მოვდივართ სხვადასხვა ქვეყნიდან, გვაქვს განსხვავებული კულტურა და ისტორია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტის წევრები, არჩეულები ვართ ევროპელი ხალხის მიერ და ვიმსახურებთ ღირსეულ მიდგომას.

ასე რომ, ეს ჩემთვის უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის საკითხია, აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და არ მივიჩნევ, რომ სწორია ის განცხადებები, რომელთა სამიზნე ჩემი ზოგიერთი ევროპარლამენტარი კოლეგაა, ეს სწორი არ არის ჩემი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე და ჩემი პოლიტიკური გაგებიდან გამომდინარე.

მე არასდროს მივცემდი თავს რაიმე მსგავსის თქმის უფლებას იმათზე, ვის აზრებსაც არ ვიზიარებ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც პოლიტიკური ღირსების გაგება და, რა თქმა უნდა, ველი პატივისცემას ევროპარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მიერ არიან არჩეულები“, – ამბობს მარინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.