ველით ყველანაირ შედეგს - ინტერვიუ ჯაფარიძე-ხაზარაძის ადვოკატთან

ზურა ვარდიაშვილი
  • ინტერვიუ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან:


სასამართლო პროცესი დასასრულისკენ მიდის. ამ ხნის მანძილზერა მტკიცებულებები წარმოადგინეს პროკურორებმა, რით ადასტურებენ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალეულობას?

ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რაც დაადასტურებდა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს.

მოკლედ და გასაგებად, კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ, რისგან შედგება ბრალი, რას ედავება პროკურატურა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს?

ბრალის არსი ის გახლავთ, რომ თითქოს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთელთან ერთად მოატყუეს საკუთარი ბანკი, მოტყუებით მიიღეს კრედიტი და შემდეგ ეს ფული გაათეთრეს. ორივე აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც. 

თქვენი არგუმენტები რა არის?

1.რას ნიშნავს ფულის გათეთრება? ეს არის შავი, ბრუნვაში არარსებული ფულის გათეთრება. აქ კი საბანკო გადარიცხვებით გასტუმრებულია ვალი, რომელიც დაფიქსირებულია და თავად პროკურატურაც არ დავობს, რომ ეს ვალი რეალური იყო და თანხა ამის გასტუმრებას მოხმარდა. 2. რაც შეეხება მოტყუებას, ხომ უნდა თქვას პროკურატურამ, რომ აი ვიღაც მოატყუეს და ესაა დაზარალებული? პროკურატურა ამას არ ამბობს, ასეთი არავინ არსებობს.

რა ეტაპები დარჩა სასამართლო პროცესს?

ერთი სხდომა, სადაც ჩვენ ვიტყვით დასკვნით სიტყვას; იმავე დღეს თუ რაიმე რეპლიკები იქნება და თუ ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას. ეს პროცესი დანიშნულია 16 დეკემბერს. 

რას ელით შედეგად? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დააპატიმრებენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს?

სამართლებრივად აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ეს საქმე ისედაც არ უნდა მიმდინარეობდეს, ამიტომ ყველაფერს ველით და მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც ყველაფრისთვის მზად არიან. 

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, იგი დეპუტატია…

კანონით დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ამ დროს დაკავება შეუძლიათ მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. თუ უკვე განაჩენი გამოდის და მიესჯება, მაშინ უნდა ვნახოთ, როგორ განმარტავენ ნორმას, რაკი ეს პირველი შემთხვევაა.

რა სასჯელს ითვალისწინებს ბრალი?

9-დან 12 წლამდე პატიმრობას.