„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, მომდევნო რაუნდზე ოპოზიცია ელოდება ხელისუფლებისგან გონივრულ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებსა და სხვადასხვა პროტესტის ფორმას.
„ჩვენ ველოდებით მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს და ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაც გონივრული წინადადება იქნება, თუ ეს გონივრული წინადადება არ იქნა წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რომელიც აქამდე გვქონდა შემუშავებული, რაც გადის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, ამ პარლამენტის ლეგიტიმურად არცნობაზე და როგორც გარეთ, მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით, ისე სხვა ფორმების გამოყენებით პროტესტზე და იმის მცდელობაზე, რომ მიღწეული იქნას ახალი არჩევნები, რაც შეიძლება მალე.
ამიტომ, ჩვენს პოზიციაზე გავლენას არ ახდენს არც ერთი სხვა ფაქტორი, ეს პოზიცია გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და იმ რეალობიდან, რომელიც დღეს ქვეყნაშია შექმნილი. ეს არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ ეს პარლამენტი. მას შეეძლო, რომ ეთამაშა წესებით; შეეძლო, რომ არ გაეყალბებინა და გვქონოდა ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, მაგრამ მან ეს გზა არ აირჩია.
ამიტომ, მოლოდინი ახლა ოპოზიციური პარტიებისგან, რომ ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, არის სრულიად არაადეკვატური, ამიტომ, ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩართული ვიქნებით, ბუნებრივია, მოლაპარაკებებში და ვნახავთ, რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნება“, თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოური სტილის პარლამენტს.“ – განაცხადა კაპანაძემ.