„ველოდებით სამშაბათამდე" - ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება

პუბლიკა

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება – დარკვეთის მაღაროში დასაქმებულთა მოთხოვნაა, რომ 8-საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე და ანაზღაურებაც შესაბამისი ჰქონდეთ.

როგორც ერთ-ერთი მაღაროელი მერაბ სარალიძე განმარტავს, 8-საათიანი რეჟიმის დროს მათი ჯანმრთელობა მეტად ზიანდება, ვინაიდან უწევთ დიზელის მზიდავებთან ერთად მუშაობა და შესაბამისად, გამონაბოლქვის სუნთქვა. მისივე თქმით, 12-საათიან რეჟიმზე ყოფნისას კი, მათ არ მოიწევთ მზიდავებთან ერთად მუშაობა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო, როდესაც საქმე შეთანხმებამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ დარკვეთის მაღაროელებს 9 ლარით ნაკლებს სთავაზობდნენ, ვიდრე ვახტურ რეჟიმზე მომუშავე სხვა დასაქმებულებს.

„ლოგიკურია, რომ უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუ ვასრულებთ ერთ საქმეს და ვმუშაობთ ერთი და იგივე პრინციპით, რა თქმა უნდა, ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეს ყველა დასაქმებულს. ამან გამოიწვია ეს პროტესტი. ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები და გვთხოვეს [კომპანიამ], რომ სამშაბათამდე დავლოდებოდით”, – განმარტავს ის.

როგორც facebook-ჩართვისას მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, ყველა დანარჩენი მაღარო ამ პროცესის სოლიდარულია.

„არავინ არ მუშაობს, ასე გაგრძელდება სამშაბათის ჩათვლით, სანამ პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი… სამშაბათს ველოდებით პასუხს, თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი, ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებები იქნება.

არ შეიძლება, ერთ ლარს რომ სთხოვ კომპანიას და ეგრევე კრიზისი ჩამოწიოს. კრიზისმა მოგვიყვანა მაღაროში და კრიზისის გამო ვმუშაობთ, რომ ოჯახში ლუკმა-პური შევიტანოთ. და როცა ამხელა კომპანიის წარმომადგენელი 9 ლარზე მევაჭრები, და ამბობ, რომ არ მაქვს, ეგ პირდაპირ მიუთითებს, რომ არ ხარ მზად მასშტაბური საკითხების მოგვარებისთვის, როგორიცაა – ტექნიკური გადაიარაღება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, შპს-ების გაუქმება და სხვა საკითხები, რომელიც ივნისში გაფიცვის დროს გვქონდა დაყენებული”, – განაცხადა მან.


ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის 7 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით იყვნენ გაფიცულები. საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში მიმდინარეობდა.

მედიაციის შედეგად, საბოლოოდ, ისინი ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაღაროელებს, საერთო ჯამში, 14 მოთხოვნა ჰქონდათ.