„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე“ - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ესაუბრა.

შეხვედრას ქართულ და ოსურ მხარესთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა იყო მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში,  დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.

„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა, პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლეობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს, “- თქვა მან.

მისი თქმით, გატაცებული საქართველოს მოქალაქეა ლევან დოთიაშვილი. ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ლევან დოთიაშვილი დაჭრილი არაა.