ვემხრობით ამ ინციდენტის დეტალურ შესწავლას. უკრაინა ითხოვს წვდომას აფეთქების ადგილზე - დანილოვი

პუბლიკა

ვემხრობით ამ ინციდენტის დეტალურ შესწავლას. უკრაინა ითხოვს წვდომას აფეთქების ადგილზე  – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას უჭერს მხარს.

„ჩვენ ვემხრობით ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივი, მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას. მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე. ამას გარდა, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის“, – აცხადებს დანილოვი.

გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე გამიზნული თავდასხმა.