ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე:
- მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს;
- კანონმდებლობა მიიღება ფართო კონსენსუსით ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად;
- პოლიტიკური ვალდებულება, სრულად განახორციელოს ასეთი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით, რომლითაც დროულად შეფასდება ნებისმიერი სავარაუდო შეუსრულებლობა.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არ არსებობდა გენდერული კვოტების გაუქმების გადაუდებელი აუცილებლობა.
ასევე, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინების გარეშე.
ვენეციის კომისიის განცხადებით, მსგავსი ცვლილება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით და საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის ძალისხმევას.
2024 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება „ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო „გირჩს“ შორის, რომლის ფარგლებშიც, მმართველი პარტია მხარს დაუჭერდა „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. სანაცვლოდ, „გირჩი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემდა ხმას.
რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, ვენეციის კომისია უაღრესად შეშფოთებულია, რომ ხელისუფლებამ მათი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, ნაწილობრივაც კი.
საქმე ეხება პარლამენტის მიერ 2024 წლის 20 თებერვალს დამტკიცებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოადგილის კვოტა.
ამასთან, თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები 5 წლის ვადით მიიღებენ უფლებამოსილებას. იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ამავე ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
ვენეციის კომისიის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი წუხილი უკავშირდება ვაკანტური პოზიციების შევსების ახალ ანტიმექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს კენჭისყრის ორი დამატებითი ტურის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც კანდიდატები შეიძლება, აირჩიონ უბრალო უმრავლესობით და რომელიც შეიცავს რისკს, რომ მმართველი ცესკოს (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა მხოლოდ პარტიას შეუძლია.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მეტიც, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალა საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტები.