ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს დაგეგმილ პლენარული სხდომისთვის მოამზადებს.
როგორც ვენეციის კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ეს მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში.
2022 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაუგზავნა – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლობის მოსაზრება, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს განხილული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.
იქამდე ევროკავშრის წარმომადგენლობამ საქართველოში მოკლე კომენტარი გაავრცელა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკაშირებით. მათი შეფასებით, ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.