ვენეციის კომისიამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა

პუბლიკა

ვენეციის კომისიამ 9 ოქტომბერს სასამართლოს რეფორმის ფარგლებში პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

ამ დოკუმენტში კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს ადრე გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით აფასებს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში 5 რეკომენდაციაზე მიუთითებდა, რომელთაგან პრიორიტეტული იუსტიციის საბჭოს რეფორმაა.

„კომისიას სურს, ხაზი გაუსვას პირველი საკვანძო რეკომენდაციის პრიორიტეტს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ანალოგიური მოთხოვნა დააწესა ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადებასთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული 2023 წლის ივნისის ცვლილებებში ან 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას, მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას. კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას“, – ნათქვამია შეფასების დოკუმენტში.

ვენეციის კომისიის თქმით:

  • „მეორე საკვანძო რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა გადაყვანის ან მივლინებისას. მიუხედავად შესაბამის დებულებაში შეტანილი ცვლილებისა და შემდგომი ცვლილებების პროექტში, ეს რეკომენდაცია უცვლელი რჩება;
  • მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია;
  • მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. თუმცა, 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებები თუ მიღებული იქნება, ამ რეკომენდაციების საკმარისად შესატყვისი იქნება;
  • მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და შემდგომი შესწორება შეიძლება განხორციელდეს, რათა ცალსახად ითვალისწინებდეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა გასაჩივრების შემდეგ.

როგორც ვენეციის კომისია წერს, საქართველოსგან მიიღეს ცნობა, რომ განხილული ცვლილებები პირველი ნაბიჯია სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში და ამას შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვება.

„მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატარონ რეფორმის სტრატეგია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიისთვის შესაფასებლად წარდგენილი ცვლილებები არ ეხება შემდეგ რეკომენდაციებს:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის ასაკობრივი კრიტერიუმების გამკაცრებას; ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის უზენაეს სასამართლოში წარდგენის პროცედურას; კანდიდატების ე.წ. გადანაწილების პროცედურაში კონკრეტული მოთხოვნების დამატებას; უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შემცირებას.

სასამართლო სისტემაზე მომუშავე იურისტი, გურო იმნაძე მიიჩნევს, რომ ენა, რომელიც ვენეციის კომისიამ შეფასებაში გამოიყენა, „კრიტიკული და მკაფიოა“.