ვენეციის კომისიის მორიგი დასკვნა სასამართლო რეფორმაზე და შეფასებები

ქეთი გოგუაძე

ვენეციის კომისიამ 14 მარტს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გასავლელ გზაზე განესაზღვრა, რომ

  • ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად;
  • უნდა უზრუნველყოს ყველა სასამართლოსა და პროკურატურის, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა და გენერალურ პროკურორთა დანიშვნა ყველა დონეზე;
  • განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისიას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი შეფასება აქვს გამოქვეყნებული. მათი რეკომენდაციების უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმის აუცილებლობას შეეხება, ასევე საუბარია სასამართლო სისტემაში გავლენების არსებობაზე.

მაგალითად, 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ კომისია კორპორატივიზმის პრობლემის დასაბუთებულობის, ან მისი სიმძიმის შეფასებაში ვერ შევა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯების ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ვენეციის კომისიამ ეს შეფასება იმ ცვლილებებზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ახალი წესები და დისციპლინური სახდელები დაწესდა. აღნიშნულ ცვლილებებს მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

რას წერს კომისია ახალ დასკვნაში

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ უზრუნველყოფს სასამართლოს მთლიან რეფორმას და 2019-2022 წლებში მათ მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კანონპროექტი არ შეიცავს იუსტიციის საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე, მივლინების/გადაყვანის უფრო ვიწრო კრიტერიუმების საშუალებით, მივლინება/გადაყვანაზე დროისა და ადგილის შეზღუდვის შემოღებით, მივლინება/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის შემოღებით.
  • მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურის გადახედვა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით;
  • შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით, აზრის გამოხატვასთან;
  • მოსამართლეთა კომენტარებისთვის ადგილის დატოვებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.

ვენეციის კომისია პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, ექსპერტების ჩართულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობს ცნობით, ეს პროექტი სასამართლო რეფორმის პირველი ნაბიჯია. მათივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც დასახელდა იმის მიზეზად, რომ არ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„კომისია აღიარებს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავებს თეორიულად შეუძლია ხელი შეუშალოს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი შეფერხება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე აბსოლუტურად საჭიროა“, – წერია დკოუმენტში.

შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება, რომელიც არეგულირებს სასამართლო გადაწყვეტილებებთან წვდომას, დადებითია, თუმცა მათი რეკომენდაციაა, რომ შემცირდეს დრო და გამარტივდეს პროცესი მომავალში უკეთესი წვდომისთვის.

როგორ აფასებენ ვენეციის კომისიის დასკვნას

პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიას შენიშვნა არ აქვს.

„ამასთან ერთად, აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ ამ შემთხვევაში იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ზოგადად შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მის მიერვე გამოცემული რეკომენდაციები, ამ ჭრილში განიხილა. არსებულ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნა დაინიცირებული, მის მიმართ რაიმე მცირე შენიშვნაც კი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული შენიშვნები არ არის, აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომელზეც გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, გურო იმნაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმას;  კანონპროექტი არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას; კიდევ ერთხელ და უფრო მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საბჭოში კორპორატივიზმის და კრონიზმის პრობლემა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, რადგან ეს სასამართლოსადმი ნდობას სერიოზულ ზიანს აყენებს; დასკვნაში რამდენიმე ტექნიკური საკითხია მონიშნული პოზიტიურად, მაგრამ აქაც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტიანი იმპლემენტაცია.

„სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით:

  • ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ ცვლილებების პროექტი არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას, ამავდროულად გათვალისწინებული არ არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შეშფოთება, რომელიც გამოითქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
  • კიდევ ერთხელ მიუთითებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე;
  • ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი ვერ უზრუნველყოფს კანონის ევროინტეგრაციის პროცესთან შესაბამისობას და არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მთლიან რეფორმას.

ვენეციის კომისიამ 14 მარტს ორი კანონპროექტის შეფასება გამოაქვეყნა – დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის. ორივე კანონპროექტი ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შემუშავდა და საბოლოო მიღებამდე ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაეგზავნა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთო/ოდირი დასკვნას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

პარლამენტი კანონპროექტების განხილვას ამის შემდეგ განახლებს.