იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი ფორმა - პოსტები, სოციალური სოლიდარობის აქციებში მონაწილეობა - 5 მოსამართლის საკონსტიტუციო სარჩელი

პუბლიკა

ხუთი მოქმედი მოსამართლე – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია – საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა და მისი შინაარსი ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია კანონში შესულ ცვლილებაზე, რომლითაც გამკაცრდა მოსამართლეთა დისციპლინური სახდელები, ასევე არსებულს დაემატა დისციპლინური გადაცდომის ახალი სახე და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. შეიცვალა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები.

კანონპროექტის განხილვის ეტაპს მოსამართლეების, სამართლის თემაზე მომუშავე არასამთავრობოების, დიპლომატებისა და ოპოზიციონერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ცვლილებები დასაშვებს ხდის მოსამართლეთა დევნას კრიტიკული აზრის გამო, ასევე აძლიერებს ე.წ. კლანის გავლენას. კანონის მიღების შემდეგ მოლოდინი იყო, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებდა, თუმცა 2022 წლის 13 იანვარს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონს ხელს მოაწერდა.

რა წერია მოსამართლეების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებებს.

ასევე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თითოეული პრობლემა, რომელიც სადავო ნორმას გააჩნია, სისტემურ ხარვეზს ქმნის, რომელიც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მათგანის გადაჭრით ვერ აღმოიფხვრება ის საფრთხეები და რისკები, რაც გასაჩივრებული ნორმებიდან მომდინარეობს.

მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, პირობები და წესი, რაც შესაძლებელს ხდის, ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს ნებისმიერი მოსამართლე პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთაგან, მათ შორის, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი მოსამართლეებიც.

სარჩელი სადავოს ხდის გასაჩივრებული ნორმებით დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, მათ კონსტიტუციურობას. „სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეთა მიმართ დისციპლინურ საკითხებზე (მ.შ. დაწყება, საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილება) პროცედურების და გადაწყვეტილების მიღების, კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობა არსებობს მოსამართლეთა, მათ შორის, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი მოსამართლეების მიმართაც“, – ვკითხულობთ სარჩელში.

„გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“, – ამბობენ მოსამართლეები.

გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა სარისკოს ხდის მოსამართლის საქმიანობაში ჩარევისა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღებას.

„სადავო ნორმის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების/უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება „სხვა ობიექტური გარემოებების” არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის გაგრძელების შესახებ.

საკითხის ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პრინციპებს, აჩენს მოსამართლის საქმიანობაში ჩარევისა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკებს, საფუძველს აცლის დაკავებული თანამდებობის თანმდევ გარანტიებს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას ზრდის ის ფაქტიც, რომ არ არსებობს მკაფიოდ გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა შერჩევა შემდგომში სხვა სასამართლოში მივლინების მიზნით. პროცესის მიმართ უნდობლობას აღრმავებს ისიც, რომ მოსამართლეებს, რომლებიც შეირჩევიან სხვა სასამართლოში მივლინების მიზნით, არ აქვთ შესაძლებლობა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ზეპირად ან/და წერილობით წარადგინონ დასაბუთებული მოსაზრება“, – ვკითხულობთ სარჩელში.

მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ კანონმდებელმა სხვა სასამართლოში მივლინების/სხვა მოსამართლისათვის უფლებამოსილების დაკისრების წესში ცვლილების შეტანით მნიშვნელოვნად შეასუსტა ის გარანტიები, რომელიც მოსამართლეებს, როგორც საჯარო თანამდებობის პირებს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით აქვთ უზურნველყოფილი.

„ამასთანავე, გააჩინა განცდა, რომ მიღებული ცვლილები მიზნად ისახავს არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, „ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სხვა სასამართლოში მივლინება დისციპლინური სახდელის სახეს არ წარმოადგენს, უფლებაში ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მაინც შეგვიძლია ამგვარი გადაადგილება სადამსჯელო ღონისძიებად მივიჩნიოთ“, – ვკითხულობთ სარჩელში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile