პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო და პარლამენტის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია.

აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადების გავრცელებამდე გავრცელდა კოალიციის განცხადება, რომლითაც არასამთავრობოები მოუწოდებდნენ ზურაბიშვილს, ვეტო დაედო კანონისთვის.

NGO-ების პოზიციით, ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან – ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად.

ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია.

კანონის მიღებამდე, კანონპროექტის განხილვის პროცესში კრიტიკული განცხადება გაავრცელეს მოსამართლეებმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამო და ამ ცვლილებებით, ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile