ომბუდსმენი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას“ და პროკურატურას ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება, საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემა „qartli.ge”-მ გორის კომბინატის დასახლებიდან გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეზე ძალადობენ.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც პოლიციელი ჟურნალისტებს განუმარტავს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულ პირს „ცივი იარაღი ჰქონდა და იმ პერიოდში [დაკავებისას] გაუვნებლებული არ იყო.
გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადაჭარბების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა აბისონაშვილს.
მისი თქმით, არ იცის, რა გახდა პოლიციელების მხრიდან მასზე და მის მეგობარზე ძალადობის მიზეზი. ამბობს, რომ მისი მეგობარი, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, დაკავებულია, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია და კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. ამასთანავე, ამბობს, რომ მეგობარს ცივი იარაღი არ ჰქონია.
„მანქანა მიუშვეს და მაგრად სცემეს. მერე მე ვაშველებდი. დამხმარე ძალა რომ მოვიდა, მეც ძალიან მცემეს. ჩემი მეგობარი სამსახურიდან შესვენებაზე იყო და სამსახურში ბრუნდებოდა ფეხით. მე ყვირილზე გამოვედი და სიტუაციის განეიტრალება ვცადე და ძალიან მცემეს. მე გამომიშვეს.“
ლაშა აბისონაშვილის თქმით, ის ფიქრობს რომ მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომხდარის შემდეგ მძიმე იქნება. „სუყველა სცემდა. ვინც მოვიდა, სუყველამ სცემა. ვინც მოვიდა, სუყველამ ძალა იხმარა.“ – ამბობს ლაშა ამისონაშვილი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.