პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით 6 პოლიციელი დააკავეს.
საქმე ეხება გუშინ, 27 მაისს, გორში პოლიციელების ძალადობას 2 მოქალაქეზე.
უწყების ცნობით, 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ჰბრალდებათ კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა გადაიღეს.
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა აბისონაშვილს.
მისი თქმით, არ იცის, რა გახდა პოლიციელების მხრიდან მასზე და მის მეგობარზე ძალადობის მიზეზი. ამბობს, რომ მისი მეგობარი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია და კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. ამასთანავე, ამბობს, რომ მეგობარს ცივი იარაღი არ ჰქონია.
„მანქანა მიუშვეს და მაგრად სცემეს. მერე მე ვაშველებდი. დამხმარე ძალა რომ მოვიდა, მეც ძალიან მცემეს. ჩემი მეგობარი სამსახურიდან შესვენებაზე იყო და სამსახურში ბრუნდებოდა ფეხით. მე ყვირილზე გამოვედი და სიტუაციის განეიტრალება ვცადე და ძალიან მცემეს. მე გამომიშვეს.“
ლაშა აბისონაშვილის თქმით, ის ფიქრობს რომ მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომხდარის შემდეგ მძიმე იქნება. „სუყველა სცემდა. ვინც მოვიდა, სუყველამ სცემა. ვინც მოვიდა, სუყველამ ძალა იხმარა.“ – ამბობს ლაშა ამისონაშვილი.