ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მომავალ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ნიკოლ ფაშინიანის დახმარებით აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეზე აიყვანენ, ვიდრე ოდესმე.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, შესანიშნავი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის!
ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლახან ეწვია სომხეთს. წინ წაიწია რამდენიმე მნიშვნელოვანმა შეთანხმებამ ორივე ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის „ტრამპის მარშრუტს“ (Trump Route), რაც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს არაჩვეულებრივ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, მოიპოვონ წვდომა ცენტრალური აზიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებამდე.
ამ მიზეზების გამო ნიკოლს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა ხელახალ არჩევნებში 2026 წლის 7 ივნისს. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე. გავხადოთ სომხეთი კვლავ დიდებული — MAGA!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.
2025 წლის დასაწყისში სომხეთმა ხელი მოაწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. 2026 წლის 26 მაისს კი მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის დროს ქვეყნებმა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ გააფორმეს. მათ ასევე გააფორმეს „ჩარჩო მემორანდუმი სომხეთსა და აშშ-ს შორის კრიტიკული და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ“.
აშშ მხარს უჭერს სომხეთის თავდაცვის რეფორმას და უზრუნველყოფს სახსრებს საზღვრის უსაფრთხოებისთვის, კიბერთავდაცვისთვის და ატარებს ერთობლივ წვრთნებს. აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვულ ტექნოლოგიებზე, რომლის მიზანიც რუსეთსა და ირანზე სომხეთის ენერგოდამოკიდებულების შემცირებაა. მათ შემუშავებული აქვთ ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეკრულების ჩარჩოც.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩართულობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას და ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
მეზობელი ქვეყნები მუშაობენ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელსაც ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ე.წ. მშვიდობის გზაჯვარედინი (TRIPP) ეწოდა. 43-კილომეტრიანმა სატრანსპორტო დერეფანმა აზერბაიჯანი თურქეთის მოსაზღვრე ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. დერეფნის განვითარების უფლება აშშ-მა მიიღო.
2026 წლის თებერვალში ერევანსა და ბაქოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ საკითხის განსახილველად. ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ სომხეთს 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონებს გადასცემს.