ვენეციის კომისიას მივმართეთ, რომ გავიგოთ, განიხილავენ თუ არა დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონს - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისმა კაბინეტმა წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას იმის გასაგებად, რა სტატუსი აქვს უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს და აშშ-ის ელჩმა დამაბნეველი განცხადება გააკეთა.

„სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით კეთდება დამაბნეველი განცხადებები. ვნახეთ პასუხი ევროსაბჭოდან, რომ კვლავ მიმდინარეობს განხილვა ამ პროექტის. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმაც გუშინ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას, რათა გავიგოთ, რა არის ამ პროექტის სტატუსი და ველოდებით ოფიციალურ პასუხსაც. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომდგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია. შესაძლოა, [ელჩს] რაღაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთდეს, რადგან ამით მხოლოდ რადიკალური ჯგუფები სარგებლობენ“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ „კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება“.