ვენეციის კომისიაზე დალოდების გარეშე კანონის მიღება გულდასაწყვეტია - ბურიჩი

პუბლიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებით, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის დასკვნაზე დალოდების გარეშე, არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, უგულებელყოფილი იქნა პარტნიორების შეშფოთება კანონთან დაკავშირებით დემოკრატიასთან შეუსაბამობის მიმართულებით.

„საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას.

სამწუხაროდ, იგნორირებული იქნა საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობის შესახებ, ამავე დროს რეალური საპარლამენტო განხილვების არარსებობა ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესთან შეუსაბამოა.

ვენეციის კომისია უახლოეს დროში გამოაქვეყნებს მოსაზრებას და ამ სამართლებრივმა რეკომენდაციებმა საფუძველი უნდა დაუდოს არსებით დიალოგს და შესაძლებელი გახადოს ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისი წინსვლა”, – აღნიშნა მან.

ამასთან, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება.

„ჩემთვის ასევე უაღრესად შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზაციის ოფიციალური ნარატივების გამოყენების შესახებ, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაკეთებული მოხსენებები.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებადი მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად უზრუნველყოს ყველა სავარაუდო დარღვევის სათანადო და ეფექტიანი გამოძიება.

ევროპის საბჭო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევაში, მისი დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად და ევროკავშირში გაწევრებისკენ შემდგომი პროგრესის მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.