მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას.
მისი აზრით, დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები არ არის. როგორც ის ამბობს, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს კი შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მით უმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება.
… სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ კი არა, არ არის სამართლებრივი არგუმენტაცია. იქ წერია, რომ ნაჩქარევად არის განხილული, მაშინ როდესაც, ყველამ იცის, რომ მარტის თვიდან ამ თემაზე მიდის კონსულტაციები.
… სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებით შენიშვნას საერთოდ არ ითვალისწინებს”, – აცხადებს ვოლსკი.
„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს გადახედვას”, – ასე აფასებს ვენეციის კომისია ე.წ. მოსმენების კანონს, რომელიც პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკითხზე ვენეციის კომისია გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.