ვენეციის სასამართლომ გლურჯიძეს ფესტივალზე „ანტიკვარიატის“ ჩვენების ნება დართო

პუბლიკა

ვენეციის სასამართლომ რუსუდან გლურჯიძეს ფილმის ჩვენების ნება დართო და აღიარა რეჟისორის მორალური უფლებები – ინფორმაციას ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა Giornate degli Autori ავრცელებს.

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვენეციის სასამართლოს განჩინების გამო პრესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაუქმდა რუსუდან გლურჯიძის ფილმის, „ანტიკვარიატის“ ჩვენება, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის  პარალელურ პროგრამაში „საავტორო დღეები“ (Giornate degli Autori) უნდა გამართულიყო.

პროგრამის ცნობით, ფილმის ნახვას კინომოყვარულები 6 სექტემბერს შეძლებენ.

„ჩვენ არცერთი წამით არ შევწყვეტთ კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძის განუყოფელი უფლებების მხარდაჭერას, რაც ვენეციაში მისი ფილმის მაყურებლისთვის ჩვენებას გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, კინემატოგრაფისტთა ასოციაციების სოლიდარობით, წარმოგვედგინა შესაგებებელი სარჩელი ვენეციის სასამართლოში. პროცესში ჩართული იყო ადვოკატთა გუნდი. ვენეციის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ცალსახად დანიშნა ჩვენება, რეჟისორის მორალური უფლებების აღიარებით. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლიანობა აღსრულდა კინოხელოვნებასთან, შემოქმედებით გუნდთან, ქართველ კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძესთან და მის ფილმთან მიმართებით. უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კინოფესტივალისთვისაც შეიქმნა პრეცედენტი,  რომელიც ყველგან სარგებელს მოუტანს კინემატოგრაფისტებს“, – განაცხადა პროგრამის დირექტორმა ფრანჩესკო რანიერი მარტინოტიმ.


საქართველოს კინოცენტრმა სასამართლოს წინა გადაწყვეტილებას, რომ ფილმს მხოლოდ დახურულ ჩვენებაზე ნახავდა ჟიური, „უცნაური“ უწოდა. 

„კვლავ თანადგომას ვუცხადებთ ქართველ რეჟისორს, ამჯერად – სამართლებრივ ბრძოლაშიც და ვუსურვებთ წარმატებებს საკონკურსო პროგრამაში Giornate degli Autori, საიდანაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფილმი არ ამოუღიათ და ჟიური მას ნახავს დახურული რეჟიმით, რაც, თავისთავად, უცნაური გადაწყვეტილებაა”, – წერს ეროვნული კინოცენტრი.

ჩეხეთში რეგისტრირებული მოსარჩელე კომპანია Avantura Film აცხადებს, რომ „ანტიკვარიატის“ ნებისმიერი სახით გაყიდვა და დისტრიბუცია არალეგალურია, რადგან მას არ აქვს სრული თანხმობა ფილმის თანამწარმოებელი თითოეული კომპანიის მხრიდან.

„წარმოების დასაწყისში „ევრიმაჟმა“ შეწყვიტა მხარდაჭერა, რადგან ბატონმა ზურაბ მაღალაშვილმა (შპს Cinetech) ვერ შეძლო მოთხოვნილი გამჭვირვალე დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საჭირო იყო [ევრიმაჟის] მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ამ ნორმების შეუსრულებლობა ნათელს ჰფენს საკითხებს, რომლებიც შპს Cinetech-ის მიერ პროექტის მართვას უკავშირდება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას, მან დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა (საქართველო), ზურაბ მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, არამარტო ვერ დაიცვა კოპროდუქციის ხელშეკრულების პირობები, არამედ დაარღვია „ანტიკვარიატის“ სცენარის საავტორო უფლებები. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს Cinetech-მა კოპროდიუსერებს უკანონოდ შეუზღუდა წვდომა ფილმის მასალებზე და განაგრძო ფილმის ექსპლუატაცია სათანადო ნებართვის გარეშე. ეს ქმედებები ნდობისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევაა“, – ვკითხულობთ კომპანია Avantura Film-ის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში.

Avantura Film ასევე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოპროდიუსერებმა არაერთხელ მიმართეს ელფოსტით საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დროებით მმართველს, კობა ხუბუნაიას, ასევე კულტურის სამინისტროს „Cinetech-ის გადაცდომებისა და საქმიანობების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპული და საერთაშორისო კოპროდუქციების ნორმებსა და სტანდარტებს. სრული ინფორმაციის მიწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს კინოცენტრმა არა მხოლოდ უგულებელყო ეს მოთხოვნები ევროპული კოპროდუქციის სტანდარტების დაცვის შესახებ, არამედ მხარი დაუჭირა შპს Cinetech-ის მიერ ფილმის უნებართვო ექსპლუატაციას“.


„ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით“, – წერს კინოცენტრი ფილმის შესახებ.

მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრმა EUROPEAN SHOOTING STARS-ზე სალომე დემურია წარადგინა, ჟიურიმ კი სალომე დემურია სწორედ „ანტიკვარიატში“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

19 დეკემბერს კი მსახიობმა თაკი მუმლაძემ დაწერა, რომ 2024 წელს „ევროპის ამომავალ ვარსკვლავზე“ საქართველოს წარმომადგენელი თავად უნდა ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ თავისი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა და Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.

„ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ უკვე ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო“, – წერდა თაკი მუმლაძე.