„ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა თქმა, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
„პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მას მისი ჯამრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ხოლო ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში, სასჯელის აღსრულებით არის განპირობებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა.